ეს დარიო რადიოა, უკვე ერთ წელზე მეტია ვარსებობთ. ჩვენ თვითონ გვიკვირს რაოდენ ბევრი გადაცემა დაგვიგროვდა არქივში. ეტყობა ასეა, როდესაც რეგულარულად და ერთგულად აკეთებ საქმეს.
თემებიც ბევრი და საინტერესო დაგროვდა: უჯარმა, ფანტასტი და ფანტასტიკა, ლიტერატურა და ზოგადად ხელოვნება, ფსიქოლოგია და ურთიერთობები, კულინარია და რეცეპტები, ემიგრანტები, ცხოველები, მოგზაურობა, სალაშქრო მარშრუტები და მთამსვლელობა, დიპლომატიასა და ეკონომიკასაც კი გამოვკარით ხელი.
დავით ხოსიტაშვილის "საავტორო სტუდია" - მართალია, დათო ფორმალურად დარიო რადიოს წევრი არ არის, მაგრამ მისი საჩუქრებით (პროდუქციით) ძალიან გამდიდრდა დარიოს ეთერი: ჩვენს ფლეილისტშია “საავტორო სტუდიის” ორიგინალური მუსიკალური პროგრამა და არაჩვეულებრივი აუდიო დადგმები - მოთხრობები, საბავშვო ზღაპრები და ა.შ.
ცალკე დიდი მადლობა მარიკა ლაფაურს, გერმანიის ჟურნალისტთა კავშირის წევრს, რომელიც დარიოს არსებობის პირველ ნაწილში ჩვენთან იყო, ფასდაუდებელი სამუშაო შეასრულა, პირველი დარტყმები თავის თავზე აიღო, დაგვიტოვა დიდი გამოცდილება და მდიდარი რადიო არქივი მაღალპროფესიულად შესრულებული გადაცემებისა.
ჩვენ ღია ვართ, ეს თქვენი რადიოა, ყველას მივესალმებით, ვისაც საინტერესო თემა აქვს, თანამშრომლობა და მეგობრობა უნდა. დანარჩენი ჩვენი გადაცემებიდან გაიგეთ. ჩვენი ვებ გვერდი, ფეისბუკ გვერდი, საუნდქლაუდი და იუთუბ არხი თქვენს სამსახურშია.